''საზოგადოებრივი პორტფოლიოს'' ფსიქოლოგიური ასპექტები

ნინო ილურიძე
ფოტო: კახა ფხაკაძე

მადლობა ღმერთს, ქართული მედია-სივრცე ჟურნალ-გაზეთების ნაკლებობას არ უჩივის. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა ფერადილუსტრირებულმა ჟურნალებმა, თუმცა, ერთეული შემთხვეების გარდა, გამოქვეყნებული ფოტოების შინაარსი და ხარისხი უღიმღამოა. არადა, ეს საკითხი საკმაოდ პრობლემატურია და რატომღაც ამ თემაზე კომპეტენტური მსჯელობის მცდელობაც დღემდე არსად დაგვიფიქსირებია. პრობლემის არსი კი არც ისე მარტივი გახლავთ, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. სწორედ ამიტომ, ამჯერად, ამ სფეროში არსებული მდგომარეობის, პრობლემის წახნაგების გაანალიზებისა და გადაჭრის გზების ძიებისათვის საქმეში ჩახედულ ადამიანებს მივმართეთ: მოდელებს, სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელს, იურისტს, ფოტოგრაფს, დიზაინერს, ფსიქოლოგს.

 

კახა ფხაკაძე -ჟურნალის კონსულტანტი ფოტოგრაფიის საკითხებში

ნებისმიერი ადამიანი სახლიდან ქუჩაში გამოსვლის წინ თავს იწესრიგებს, ტუალეტი, ვარცხნილობა, ჩაცმულობა და ა.შ. ეს იმიტომ ხდება, რომ იმ საზოგადოებისთვის მისაღები ესთეტიკური ნორმები დააკმაყოფილოს, რომელთანაც ურთიერთობა უხდება. ასევეა ფოტოგრაფიაშიც – როდესაც რომელიმე ჟურნალში ან გაზეთში, თუნდაც ინტერნეტსივრცეში იბეჭდება ან ქვეყნდება პერსონის ფოტო, მასაც შესაბამისი მომზადება, “ჩაცმა-დახურვა” სჭირდება. მეტიც, ნებისმიერი პერსონა (პირი), რომელიც ერთი დღის განმავლობაში სახლიდან გადის, ათასჯერ უფრო ნაკლები ადამიანის თვალთახედვის არეში ხვდება, ვიდრე მასმედიაში გაშვებული მისი ფოტო ამავე დროის განმავლობაში. გამოდის, რომ გამოსაქვეყნებელ ფოტოსაც ისეთივე სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, როგორც საკუთარი თავის მოწესრიგებას სახლიდან გასვლის წინ. რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს უხარისხო ფოტოს გამოქვეყნებას? ვინაიდან ვიზუალური ინფორმაცია საკმაოდ ძლიერ გავლენას ახდენს საზოგადოების ცნობიერებასა და პერსონის მიმართ განწყობის შექმნაზე, უპირველესად, ცნობადი სახეების იმიჯი ზარალდება სერიოზულად, განსაკუთრებით იმ პერსონებისა, რომელთა კარიერა მთლიანად ან ნაწილობრივ დამოკიდებულია მათ ვიზუალურ მხარეზე. ძირითადად, ესენი გახლავთ მოდელები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები. როგორი განწყობა შეიძლება

დაეუფლოს ადამიანს, როდესაც გადაშლის, ვთქვათ, რომელიმე ჟურნალს და მასში იხილავს მოდელს ან მომღერალს მწვანე ან სტაფილოსფერი სახით? ანდა ისეთ პოზაში, რომელიც ფოტოგრაფის უნებლიე, გაუაზრებელი შეცდომების წყალობით მის მშვენიერ ფიგურას დაუნდობლად ამახინჯებს? ანდა, სულაც ფოტოს, რომელიც საერთოდ არაფრის მთქმელია, არავითარი ემოცია, განწყობა, ინფორმაცია არ მოაქვს მნახველამდე? ძირითადად, ეს ოთხი მიზეზით ხდება: პირველ შემთხვევაში, რესპონდენტი თავად არჩევს ფოტოს და აწვდის ჟურნალისტს გამოსაქვეყნებლად, ანუ პრინციპით “მე მომწონს”. ასე ჩნდება ინტერვიუსა თუ სხვა ჟურნალისტურ ნარკვევებში ფოტოები პირობითი სახელწოდებით: “მე ცუგასთან”, “მე საძინებელში” ანდა “მე აგარაკის ფონზე”... სახელები დაუსრულებლად შეიძლება მოვიგონოთ... მეორე შემთხვევაში, ჟურნალისტი თავად ხდება “ფოტოგრაფი” და ფოტოკამერა თუ არ აქვს, მობილური ტელეფონის გამოყენებასაც არ ერიდება. ეს ახალი არ არის – უმეტესობა ფიქრობს, რომ თუ ფოტოკამერას ფლობს, ისეთივე ფოტოგრაფია, როგორიც სხვა... ფოტოკამერიანი ადამიანი ფოტოგრაფი არ არის... ის, უბრალოდ, ფოტოკამერიანი ადამიანია და ამ საქმეში სპეციალური ცოდნა-გამოცდილება არ გააჩნია. მესამე შემთხვევა მეორესგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ რესპონდენტს ფოტოს ჟურნალისტი კი არა, მისი თანმხლები არაკვალიფიციური ''ფოტოგრაფი'' უღებს.
შედეგები აქაც არასახარბიელოა... მეოთხე შემთხვევაში, ფოტოს მოპოვება სხვადასხვა წყაროებიდან ხდება, მათ შორის ინტერნეტიდანაც... ყველა შემთხვევაში ფოტოზე გამოსახული პერსონა ან ეთანხმება გამოქვეყნებას ან მისთვის სულერთია, გადაღებული კადრებიდან რომელი მოხვდება საზოგადოების თვალთახედვის არეში. სხვა პრობლემაა ბეჭდვის ტექნოლოგიური საკითხები – უმეტეს შემთხვევაში, ფერადი ბეჭდვის ხარისხი ძალიან დაბალია, რაც თავისთავად რადიკალურად ცვლის ფოტოს შინაარსს და მნახველში გამოწვეულ ემოციას. თუ ფერთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა ტექნიკურად შეუძლებელია, ერთადერთი გამოსავალი ფერის სრული მოხსნაა. ცუდ ფერად ფოტოს, ამ მხრივ, შავ-თეთრი ნამდვილად აჯობებს. ცნობილი მოდელი თუ მომღერალი საკუთარ იმიჯს განსაკუთრებით უფრთხილდება. პაპარაცულ კადრებს არ ვგულისხმობ, ეს სულ სხვა თემაა, ლეგალური და წინასწარ შეთანხმებული პუბლიკაციები მაქვს მხედველობაში. არც ერთი ცნობილი ჟურნალი თუ გაზეთი არ და ვერ გამოაქვეყნებს ასეთი პერსონის ფოტოს მასთან, ან მის მიერ უფლებამოსილ პირთან შეთანხმების გარეშე, რასაკვირველია, შესაბამისი ბეჭდვის ხარისხის გარანტიით. ეს ცივილიზებული და მიღებული ფორმაა. გამოუცდელ ფოტოგრაფს შეუძლია, ფიზიკურად მშვენიერი ადამიანი ფოტოში უნებლიედ ისე დაამახინჯოს, რომ იგი საკუთარ თავსაც ვერ იცნობს.ეს პირიქითაც შეიძლება – გარკვეული ნაკლების დამალვა და მათზე აქცენტების შესუსტება, ამისთვის კი ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო. ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება სხვადასხვა ემოციით შეიმოსოს, გამოიკვეთოს სითამამე, მიზანსწრაფულობა, სექსუალურობა, აღელვება ანდა პირიქით. ეს ხელოვნებაა, რთული და საინტერესო ხელოვნება. როგორც ჩემი მეგობარი, ცნობილი
რუსი ფოტოგრაფი გიორგი როზოვი ამბობს, ფოტოგრაფია ზღაპრების შეთხზვაა, რომელიც ადამიანებს მართალი ჰგონიათ... ასე რომ, წინასწარ შეკვეთილი ემოციის გამომწვევი ფოტოს შექმნა სრულიად შესაძლებელია და პრაქტიკაში ხშირად გამოიყენება კიდეც. პორტფოლიოში დაგროვილი ფოტოების გამოქვეყნებას ხელს არაფერი უშლის, მთავარია, რამდენად მიესადაგება ის დასახულ ამოცანას. მაგალითად, იქ შეიძლება იყოს ფოტო, რომელშიც ფოტოგრაფმა, მისი ჩანაფიქრიდან გამომდინარე, პერსონა გარკვეული მხატვრული სახით წარმოადგინა, წარმოაჩინა ესა თუ ის განცდა, მოვლენა, მოქმედება, ფერთა შეხამება, კონტრასტი და ა.შ. ვთქვათ, შექმნილია ფიქრებში ჩაძირული ადამიანის
სახე, შესაბამისი განათების კონტრასტით და ცივი ფერების გამოყენებით... და ამ დროს, ასეთი ფოტოს გვერდით ეს ადამიანი საუბრობს რომელიმე კონკურსზე, მის წარმატებასა და გრანდიოზულ სამომავლო გეგმებზე! ეს ხომ სრული შინაარსობრივ-ვიზუალური შეუსაბამობა იქნება?! არავინ დაიჯერებს მის წარმატებას, უფრო სწორად, წარმატების განცდა მკითხველში ამ ფოტოს გამო შებოჭილი და “დამუხრუჭებული” იქნება. ამ შემთხვევაში, ფოტო უნდა იყოს აქტიური, ფერით, პოზით, მიმიკით და ა.შ. ანუ ფოტო სრულ ინფორმაციაში უცხო სხეულად არ უნდა ფიგურირებდეს. სხვათა შორის, ბოლო დროს ძალიან მომრავლდა ვულგარული ფოტოები, არადა მათზე აღბეჭდილი ადამიანები იშვიათი გამონაკლისის
გარდა, ვულგარულები ნამდვილად არ არიან... ცხადია, რომ სააგენტოს იმიჯი მოდელებით განისაზღვრება და თუ ეს მოდელები შესაბამისი და სასურველი სახით არ წარმოჩინდებიან მასმედიის საშუალებებში, სააგენტოებიც დაკარგავენ პრესტიჟულობისა და წარმატებულობის იმიჯს. როგორც წესი, ამ მიმართულებით სააგენტოებსა და სამოდელო სახლებს მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები ემსახურებიან და ხშირად თვეობითაც კი მსჯელობენ, თუ როგორი სახით წარმოაჩინონ ესა თუ ის მოდელი. ჩვენს რეალობაში, საბოლოო

პროდუქტიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ეს საქმე, უმეტესად, თვითდინებაზეა მიშვებული. ეს განსაკუთრებით იგრძნობა სარეკლამო პროდუქტის იდეურ და თვისობრივ ხარისხში...


მარიამ თალაშვილი – ფსიქოლოგი

დღეს ქართული მედიასივრცე საკმაოდ დაბალი ხარისხისა და უგემოვნო ფოტოებითაა აჭრელებული და, აქედან გამომდინარე, ნაკლებწარმატებულ ბერკეტად შეიძლება ჩაითვალოს მოდელის თუ მსახიობის კარიერული ზრდის ხელშეწყობის თვალსაზრისით. უმეტეს შემთხვევაში, ფოტოს ემოციური დატვირთვა არ არის თანმხვედრი სტატიის შინაარსთან, ხოლო კანის ფერისა და სხეულის პროპორციების დარღვევა ნაკლებმიმზიდველია. მიუხედავად ამისა, ფოტოები ზრდის ცნობადობის დონეს, ანუ შესაძლოა, არ იყოს სასიამოვნო აღსაქმელი, მაგრამ პერსონის პოპულარულობა იზრდება. რასაკვირველია, უხარისხო ფოტოს უარყოფითი გავლენა აქვს მკითხველზე და თუ ეს ხშირად მეორდება, პერსონის კარიერაზე, შესაძლოა, ნეგატიურადაც იმოქმედოს. მოდელებისა და მსახიობების უპირველესი მიზანი პოპულარობის ზრდაა. ამიტომაც ისინი არ ერიდებიან მედიასთან ურთიერთობას და არ ითვალისწინებენ, როგორი ხარისხით დაიბეჭდება ფოტო, შეესაბამება თუ არა პუბლიკაციის შინარსს და ფოტოგრაფის მიერ “დაჭერილია” თუ არა მიმზიდველობის განმაპირობებელი ნიუანსები. ამ პრობლემის გადასაწყვეტად კოპლექსური მიდგომაა საჭირო – ფოტო გამოცდილმა და მაღალკვალიფიციურმა სპეციალსტმა უნდა გადაიღოს, ხოლო მედიასივრცეში მისი განთავსების მიზანშეწონილობა პროფესიონალმა პიარ-მენეჯერმა უნდა გადაწყვიტოს. ყველა შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიმღები ამ სფეროს კარგი მცოდნე და კომპეტენტური უნდა იყოს.

 

ლიკა ყაზბეგი – სამოდელო სააგენტო ''ლიკა ყაზბეგი''-ს ხელმძღვანელი

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ფოტოს ბეჭდავენ რედაქციები, რადგან ეს ყოველმხრივ შეიძლება აისახოს როგორც პირადად ჩემს, ასევე სამოდელო სტუდიის იმიჯზე. ქართულ მედიასივრცეში ჩემი ფოტო ხშირად იბეჭდება, კვირაში ორჯერ-სამჯერ, წარმატებული კი მაშინაა, თუ ბეჭდვის ხარისხი მაღალია და ფოტოს არჩევის უფლებასაც მე მაძლევენ. საერთოდ, უგულისყურობას არასდროს ვიჩენ და მაქსიმალურად ვცდილობ, წინასწარ ვიცოდე, თუ რომელ ფოტოს ბეჭდავს ესა თუ ის რედაქცია. ასეთ შემთხვევაში ჩემი პირადი ფოტოგრაფების მიერ შესრულებულ ფოტოებს თავად ვარჩევ და შედეგითაც კმაყოფილი ვარ.
უარყოფითი შედეგი ძირითადად მაშინ დგება, როდესაც რედაქციის ფოტოგრაფები თავად ამზადებენ ფოტოს ამა თუ იმ მასალისთვის და არჩევანის უფლებას არ მიტოვებენ. მართალია, ამისთვის რედაქციისთვის არ მიმიმართავს, მაგრამ ჟურნალისტებთან ხშირად დამიფიქსირებია პრეტენზია. არადა, სუსტი სქესის წარმომადგენლები მტკივნეულად ვრეაგირებთ გამოქვეყნებულ უხარისხო, ყოველგვარ ესთეტიურობას მოკლებულ ფოტოზე, რადგან ეს ფაქტი ჩვენს იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს. უმაღლესი ხარისხის ფოტოკამერა კარგ

ფოტოს ვერ გადაიღებს, თუ ის გამოცდილი ფოტოხელოვნის ხელში არ არის - კომპოზიცია, მხატვრული თვალი და მოდელის სახასიათო კონტურების გამოკვეთა პრიორიტეტულად მიმაჩნია, რადგან მხოლოდ მათი კომბინაცია იძლევა მნახველზე საჭირო ემოციისა და განცდის შეგრძნებას.
აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენებებისას ჩატარებული ფოტოსესიები შედარებით დაბალი შედეგებით გამოირჩევა, ვინაიდან, სამწუხაროდ, ასეთ ჩვენებებზე სპეციალური განათების ორგანიზებას ჩვენში ჯერ კიდევ არ ექცევა სათანადო ყურადღება.


ნინო მაღლაკელიძე – მხატვარ-დიზაინერი, სტუდია “ლაკმეს” ხელმძღვანელი

ჩვენს მიერ შექმნილი პროდუქცია ხშირად იბეჭდება სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში და საერთო ფონზე წარმატებულადაც მიმაჩნია. არის შემთხვევები, როდესაც შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ პრეტენზია არ გამომითქვამს, რადგან რაიმე შედეგის იმედი არ მქონდა. ფოტოგადაღებისას გამოჩენილი არაპროფესიონალიზმი და ბეჭდვის დაბალი დონე ზოგად ტენდენციად იქცა და სწორედ ეს მიმაჩნია მედიასივრცეში ამ კუთხით არსებული რეალური მდგომარეობის მიზეზად. პროფესიონალი გრიმიორი მაკიაჟის დონემდეა დაყვანილი,

ხოლო ესთეტიკასა და უხამსობას შორის ზღვარი ხშირად გაფერმკრთალებულია. მიმაჩნია, რომ პუბლიკაციები ფოტოებთან ერთად პროდუქციის საზოგადოებაში გატანის მიზნით უნდა მზადდებოდეს და თუ ეს უხარისხოდ, უფრო მეტიც, დამახინჯებული ფორმით კეთდება, დიზაინერის წარმატებულ კარიერაზე საუბარიც ზედმეტია. ხშირად პუბლიკაციის ტექსტობრივი შინაარსი “უშინაარსოა” და ფოტოდანართის
ბედსაც ის განსაზღვრავს. დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენებების განათების გათვალისწინებას – ქართული დარბაზების მწირი ტექნიკური აღჭურვილობა ამის საშუალებას ნაკლებად იძლევა. ამიტომაცაა, რომ ჩემს მიერ ნანახ არც ერთ დეფილეზე შუქისა და სხვა კომპონენტების – მოდელის, სამოსის, ფერის ჰარმონიზება ერთ მთლიანობაში არ შემხვედრია. ასეთ ჰარმონიას ვერც კამერა აღბეჭდავს და ვერც გამოცდილი ფოტოგრაფი – სწორედ ეს მიმაჩნია ქართული ფეშენ ბიზნესის უდიდეს ნაკლად, რაც განსაზღვრავს კიდეც მის დაბალ დონეს.


ნინო იაშვილი - მოდელი

ჩემი ფოტოები პრესაში ინტენსიურად არ იბეჭდება, თუმცა ასეთ შემთხვევებში ვცდილობ, გამოქვეყნებამდე წინასწარ შერჩევის საშუალება მომეცეს. მოდელთან დაუკითხავად ფოტოს გამოქვეყნება არაკორექტულად მიმაჩნია. ალბათ, ამის მიზეზიცაა, რომ მედიასივრცეში ნაკლებად ჩნდება ხარისხიანი ფოტოები. თუ ძვირადღირებული კამერა გამოცდილი სპეციალისტის ხელში არ არის, ძნელია, კარგ შედეგს ელოდე, ამიტომაც პირადი ფოტოგრაფის მომსახურებით ვსარგებლობ. ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ფოტოსა და ტექსტობრივი მხარის სრული შესაბამისობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მკითხველს უარყოფითი აზრი შეექმნება და ეს აუცილელად ნეგატიურად იმოქმედებს მოდელის კარიერაზე.

დავით კლდიაშვილი - ადვოკატი

ამჯერად განვიხილავ მხოლოდ იმ შემთხვევას, როდესაც ჟურნალში ინტერვიუ იბეჭდება და მის ილუსტრაციად ფოტოსურათებია გამოყენებული, ან ჟურნალში ან გაზეთში პიროვნების (მოდელის) გამოსახულება ქვეყნდება. ადამიანს დაბადებიდანვე წარმოეშვება უფლებაუნარიანობა (მემკვიდრეობის მიღების უფლება მას წარმოეშვება ჩასახვიდან), რაც გულისხმობს უნარს, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. უფლებები შეიძლება დაიყოს ქონებრივ და არაქონებრივ უფლებებად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი ეხება პირად არაქონებრივ უფლებებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პიროვნების გამოსახულება (ფოტოსურათი) გამოქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე, მას შეუძლია, ხელმყოფს მოქმედების შეწყვეტა მოსთხოვოს და სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. მნიშვნელოვანია იმის დამახსოვრება, რომ აღნიშნული სიკეთეების დაცვა ხდება ხელმყოფის ბრალის მიუხედავათ. იმ შემთხვევაში კი, თუ ხელყოფა (ფოტოსურათის განთავსება) მოხდა ბრალით, ანუ ფოტოსურათზე გამოხატული პირის ნებართვის გარეშე, დაზარალებულს (ამ შემთხვევაში

მოდელს) უფლება აქვს, მოითხოვოს როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურება. ეს ორი მოთხოვნა შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად. ამავე დროს კანონი ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც გამოსახულების გამოყენება შესაძლებელია გამოსახული პირის ნებართვის გარეშე. იმ შემთხვევაში, როდესაც ფოტოგადაღება დაკავშირებულია:
1. პირის საზოგადოებრივ აღიარებასთან;
2. პირის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან;
3. მართლმსაჯულების ან პოლიციის მოთხოვნებთან;
4. სამეცნიერო, სასწავლო ან კულტურულ მიზნებთან;
5. ფოტოგადაღება მოხდა საზოგადო ვითარებაში;
6. პირმა პოზირებისათვის მიიღო საზღაური.
დამატებით აღვნიშნავ, რომ ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანი პირის გამოსახულების გამოყენების შემთხვევაში, ასევე საჭიროა აღნიშნული პირის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. მოკლე დასკვნის სახით მოგახსენებთ, რომ სტატიაში მოყვანილი პრობლემატური შემთხვევები რეგულირდება კანონმდებლობით. ჟურნალსა (გაზეთს) და მოდელს (რესპონდენტს) შორის ურთიერთობა არ არის ცალმხრივი და დამოკიდებული მხოლოდ ჟურნალის (გაზეთის) რედაქტორის სურვილზე. ამ ურთიერთობაში ორივე მხარე თანაბარია და თითოეული მათგანი უნდა აცნობიერებდეს, რომ მეორე მხარის ინტერესების დარღვევისათვის მას, შესაძლებელია, პასუხისგება მოუწიოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რესპონდენტს არ უნდა “ეშინოდეს” ან ერიდებოდეს თავისი მოთხოვნების წაყენების.

დასასრულს, აღნიშნული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ჩვენი ჟურნალი რამდენიმე რჩევას გთავაზობთ:

1. ნუ გადააღებინებთ გამოსაქვეყნებელ ფოტოს “ფოტოკამერიან ადამიანს”, მიმართეთ მცოდნე ფოტოგრაფს;
2. გადაღების წინ ნათლად აუხსენით ფოტოგრაფს ფოტოს დანიშნულება და სასურველი მიზანსცენა, თუ ასეთი არ გაფიქრდებათ, სთხოვეთ, თავად შემოგთავაზოთ ვარიანტები;
3. ფოტოს არჩევის წინ მხოლოდ საკუთარ ემოციებს ნუ ენდობით, თქვენ ხომ საკუთარი თავის შეფასებისას თქვენდა უნებურად სუბიექტური იქნებით?!;
4. თუ ფოტო ფერადია და მას შესაბამისი ხარისხით ვერ დაბეჭდავენ, მოითხოვეთ, აუცილებლად მოხსნან ფერი, რომ უნებლიედ მწვანე, კაკაოსფერი ან სტაფილოსფერი სახით არ გიხილონ მკითხველებმა – თქვენ ამას არ იმსახურებთ!
5. გახსოვდეთ, რომ სახლში სათუთად შენახულ პორტფოლიოზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პორტფოლიოა, ანუ ის ფოტოები, რომლებსაც თქვენი სახე ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით საზოგადოებამდე, ფართო აუდიტორიამდე მიაქვს.

თავფურცელი